ევროპელებს კაზაკებზე 2

 

 

 

ევროპული ბიბლიოთკიდან,Iaroslav Lebedynsky,Histoire des  Cosaques,კაზაკთა ისტორია

ავტორია  1960 წელს პარიზში დაბადებული წარმოშობით უკრაინელი ფრანგი ისტორიკოსი, ტრამალების და კავკასიის ძველი მეომარი კულტურების სპეციალისტი

იაროსლავ ლებედინსკი//

// Iaroslav Lebedynsky//.1997 წლიდან ის პარიზის  აღმოსავლური ენების და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში // l’Institut national des langues et civilisations orientales, Inalco// ასწავლის უკრაინის ისტორიას. ჩავხედთ მის წიგნს.

სლავების და თურქების შეჯახება

375 წელსჰუნთა შეჭრამ გახსნა აღმოსავლეთი ევროპის ტრამალთა ისტორიის სულ ახალი პერიოდი, თურქ თუ თურქ-მონღოლ ხალხთა ბატონობის  და სლავების მიერ ამ ბატონობის დამხობის ხანა.

ერთმანეთის შორეული ნათესავები თურქები, მონღოლები, ტუნგუსები წარმოშობით არიან  ზემო აზიის //Haute Asie//  მანჯურიას და მონღოლეთს შორის მოქცეული რეგიონებიდან.

თურქები ქრისტიანული ხანის დასაწყისში გამოვიდნენ ალტაის ტყეებიდან.

მათ შეითვისეს ტრამალთა, ირანელ მომთაბარეთა ცივილიზაცია და გზა და გზა მოახერხეს  სხვადასხვა ინდო-ევროპელი ხალხის ასიმილაცია.

ასე რომ უკვე მათი ისტორიის დასაწყისიდან თურქები ქმნიან არაერთგვაროვან ანტროპოლოგიურ მთლიანობას.

თურქებში არის როგორც ევროპოიდული ისე უფრო მონღოლოიდური ტიპები.

დასავლური ტრამალების თურქმა ხალხებმა   სკვითო-ირანელებისგან შეითვისეს მიცვალებულთა დამარხვა ყორღანის ქვეშ და  ცხენის მსხვერპლად შეწირვა. ყორღანზე დგავდნენ მემორიალურ ქანდაკებას.

მათ ასევე შეითვისეს ცხენის აღკაზმულობა და ცხენოსნების ტაქტიკა., სამოსი. ცხოველური ხელოვნება….

დღეს ფიქრობენ რომ ჰუნები თავიდან იყვნენ პროტო-თურქი ხალხი.

მათ აშკარად მონღოლოიდურ ტიპს ადასტურებს როგორც არქეოლოგიური მასალა ისე შეძრწუნებულ თანამედროვეთა აღწერები.

ჰუნებმა მოახერხეს მათ მიერ დაპყრობილი ხალხების ასიმილაციაც, მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ რა პროპორციით.

მე-5 საუკუნეში, ყოველ შემთხვევაში, ჰუნები ითვლებოდნენ ბარბაროსებზე უარეს ეგზოტიკურ და სასტიკ-ულმობელ ველურებად.

ჰუნების ზუსტი წარმოშობა  და მათი მიგრაციების მარშრუტი 375 წლამდე ჯერაც პრობლემატურია.

სარწმუნო მხოლოდ ისაა რომ როდესაც 370 წლისთვის გამოჩნდნენ დონზე ისინი მოდიოდნენ ურალიდან და დასავლეთი ციმბირიდან.

 ამ ველურთა შეტევამ დაამსხვრია ალანთა სარმატული კოალიცია.  ალანთა ნაწილი დაემორჩილა  ჰუნებს და იქცა დასავლეთისკენ მიმავალი ჰუნების ავანგარდად

ალანთა მეორე ნაწილი ოსტროგოთებთან ერთად გადასახლდა რომის ტერიტორიაზე.

ზოგმა ალანმა ვანდალებთან ერთად დაარბია და გაატიალა რომი, ზოგი ალანი ამავე ვანდალებთან ერთად გადასახლდა ჩრდილოეთ აფრიკაში.

ალანთა ნაწილი დასახლდა დღევანდელი სარანგეთის ტერიტორიაზე, გალიაში// Gaule//.

 დღევანდელი საფრანგეთის ტოპონიმები Allaines,Allainville,  Courtalain , და ა.შ. მოწმობენ მათ აქ ცხოვრებაზე.

ზოგი ალანი კი შეიკეტა ცენტრალურ კავკასიაში სადაც  მათ უნდა გაეჩინათ ოსი ხალხი.

ჰუნების ბატონობის ცენტრმა კი  შავი ზღვის ტრამალებიდან გადაინაცვლა დუნაის რეგიონებისკენ. ეს ბაზა უფრო მოხერხებული იყო  უკვე გაყოფილ რომის იმპერიასთან მეზობლობის გამოსაყენებლად.

ტყიანი ტრამალის  სლავები ნამდვილად იყვნენ დამორჩილებული ჰუნების მიერ….

ლამის სულ ველურმა ჰუნებმა  ვერ დატოვეს რეგიონში დროის გამძლე კვალი.

მე-5 საუკუნის ჰუნთა კულტურა არის სარმატებისგან და გოთებისგან აღებული ელემენტების აგრეგატი.

გალიაში და იტალიაში უბედური კამპანიებიდან მალე, 453 წელს გარდაიცვალა ატილა.ჰუნების ვასალმა გერმანელმა ხალხებმა დაიბრუნეს მათი დამოუკიდებლობა.

 

ატილას შვილებს შორის გაყოფილი ჰუნთა ტომები  ჩაეფლნენ შინაომებში.  ისინი დამარცხდნენ რომის აღმოსავლეთის იმპერიასთან ბრძოლაში.

მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში ჰუნთა მთავარი ტომები იყვნენ აკაცირები, სარაგურები, უტუგურები და კუტუგურები.

მათი ზუსტი  შმადგენლობა და, ყველაზე მეტად კი, მათი როლი  შემდეგი პერიოდის თურქი ხალხების წარმოშობაში  ძნელი ასაზუსტებელია.

აშკარაა რომ ჰუნთა დაშლილ-დაქუცმაცებული ტომები გაითქვიფნენ  თურქთა ახალ წარმონაქმნებში და, შეიძლება, ფინურ-უგრულ ტომებში.

მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში ახალმა აზიურმა მიგრაციულმა ტალღამ ევროპაში გამოყარა ალბათ უფრო მონღოლი ვიდრე თურქი ავარები.

იმპერატორი იუსტინიანეს გაუფრთხილებელი თანხობით მათ გასრისეს ჰუნთა ნარჩენები და დაიმორჩილეს სლავები.

მათი ისტორია საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა  აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ მათ მხოლოდ გაიარეს უკრაინულ-რუსულ ტრამალებში, საიდანაც ისინი გააძევა ბულგართა აჯანყებამ.

ეს ბულგარები მაშინ ბინადრობდნენ  აზოვის ზღვის ჩრდილოეთით. იმ ქაოტურ ხანაში ეს ბულგარები იყვნენ ტრამალის ერთ-ერთი ტიპიური ხალხი.

მათი გაბატონებული კლანი თავის წინაპრად აცხადებდა ატილას ერთ-ერთ  ვაჟიშვილ ირნიკ-ერნაკს.  ის მეფობდა თურქულ-ჰუნური, ირანულ-ალანური და სლავური ტომების  ჭრელ ნაერთზე.

აღმოსავლეთ ევროპის « ბულგარეთის » ამბავი მალე დამთავრდა.

ის « ბულგარეთი » ორად გახეთქა თურქთა ახალი ძალების, ხაზართა გამოჩენამ.

ბულგართა ზოგი კლანი წავიდა მდინარე ვოლგასკენ რათა  მე-7 საუკუნის  ბოლოსთვის იქ შეექმნათ ახალი « დიდი ბულგარეთი ».

ეს ბულგარები არიან დღევანდელი ჩუვაშების წინაპრები.

ბულგართა ზოგი კლანი წავიდა დუნაის დასავლეთით სადაც მათ დააარსეს მესამე ბულგარეთი რომელიც დღესაც არსებობს.

იქ თურქულ-ირანული ელემენტი გასლავებული იქნა მე-9 საუკუნისთვის.

 

დონს, ვოლგას და კავკასიას შორის არსებულ ტრამალებში  მე-7 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ხაზართა იმპერია.  მან შემდეგ ჩრდილოეთით დაიპყრო  სლავთა და ფინელ-უგრთა ტერიტორიების ნაწილი.

ხაზარები 626 წლიდან მე-11 საუკუნის დასაწყისამდე იყვნენ ბიზანტიის მოკავშირეები  და ებრძოდნენ, აკავებდნენ ისლამის ექსპანსიას.

ხაზარები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ჰუნთა ტომების ან  ევროპაში უფრო მოგვიანებით მოსული თურქული კლანების მემკვიდრეები. ამ ხალხის შექმნაში გარკვეული როლი შეასრულეს ალანებმაც

 // და კავკასიელებმაც, გ.მ.//.

ხაზართა ელიტის ნაწილმა პოლიტიკური მოსაზრებებით მიიღო იუდაიზმი, მაგრამ ხაზართა იმპერიაში გავრცელებული იყო ქრისტიანობაც და ისლამიც.

რაციონალური თვალსაზრისით ხაზართა იმპერია  სტაბილურობის ფაქტორი იყო ჰუნების შემდეგი პერიოდის უწყვეტი მიგრაციების ხანაში.

ვითარდებოდა ქალაქები, რაც არის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის საწყისი და ნიშანი.

მაგრამ ხაზართა ემბრიონული სახელმწიფო ისეთივე მოწყვლადი იყო როგორც ამ ტიპის წინა კონსტრუქციები.

მე-9  საუკუნის პირველ ნახევარში « ლებედია » ანუ ტრამალები დნეპრსა და დონს შორის დაპყრობილი ჰქონდა უგრულ მომთაბარე მოსახლეობა Magyar-ებს რომელსაც სათავეში ედგა ხაზართა პროტექტორატის ქვეშ მოქცეული თურქული კლანი.

მაგრამ 850-860-ან წლებშში ლებედიიდან განდევნილმა  Magyar-ებმა  ადგილი დაუთმეს ძლიერ თურქ ხალხ პაჭანიკებს.

Magyar-ები წავიდნენ ცრეტრალურ ევროპაში სადაც მათ 896 წელს დააარსეს უნგრეთი.

პაჭანიკებმა კი ხაზარები გარეკეს მათ თავდაპირველ ტერიტორიაზე დონს, ვოლგას და კავკასიას შორის.

საინტერესო ისაა რომ კაზაკები თავს თვლიდნენ ხაზარების შთამომავლებად.

 

მე-9 საუკუნის ბოლოს დუნაისა და დონს შორის გადაშლილი ტრამალების ბატონები იყვნენ მხოლოდ პაჭანიკები.

იქიდან პაჭანიკები საშიშად უტევდნენ ბიზანტიას.

თურქულად მეტყველმა, ირანულ და უგრულ ელემენტებთან შერეულმა პაჭანიკებმა არ მიიღეს ისლამი  რომელიც მაშინ ვრცელდებოდა ვოლგას ბულგარებში და ხაზარებში.

 

Tტრამალებში სწორედ ამ პაჭანიკთა ბატონობის დროს შეიქმნა ჩრდილოეთით აღმოსავლეთ  სლავთა სახელმწიფო.

ეს სლავები ინდო-ევროპული ექსპანსიიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ სამხრეთში,  უკრაინულ ტყიან ტრამალში. ისინი განიცდიდნენ  მეზობელ ირანელ მომთბარეთა ძლიერ გავლენას.

სკვითური ხანიდან დადასტურებული ეს კავშირები ჩანს  სლავთა ენაში, ძველ რელიგიაში, ხალხურ ხელოვნებაში.

ატილას იმპერიის დაშლამ  ხელი შეუწყო სლავთა არაჩვეულებრივ ექსპანსიას.

მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში  სლავებმა დაიპყრეს  ცენტრალური,  აღმოსავლური და ბალკანური ევროპის  დიდი ნაწილი.

ამ ექსპანსიის შემდეგ გაირჩევა სლავების 3 ჯუფი :

სამხრეთი სლავები //სერბები, ხორვატები,სლოვენები, მაკედონიელები და ბულგარები მმართველი თურქულ-ირანული ელიტის ასიმილაციის შემდეგ// ;

დასავლეთის სლავები // პოლონელები, ჩეხები,სლოვაკები,კაშუბები, სორაბები, ობოდრიტები, პოლაბები//

და აღმოსავლეთი სლავები,  ბელორუსების, რუსების, უკრაინელების, მაშ, კაზაკების წინაპრები.

 

აღმოსავლეთ სლავთა პირველი მანიფესტაციაა  მეოთხე-მეექვსე საუკუნეებში  უკრაინის ტყიან ტრამალში  არსებული  ანტების სამეფო.

ის შექმნა შერეულმა სარმატო-სლავურმა მოსახლეობამ.  ამ მოსახლეობის სახელი ანტებიც ირანული უნდა იყოს.

ანტები მათ მეზობელ მომთაბარეებთან ერთად თავს ესხმოდნენ ხოლმე ბიზანტიის ტერიტორიებს.  ასე დაესხნენ ისინი თავს ბიზანტიას 538 წელს ჰუნებთან და ბულგარებთან ერთად.

 

ანტებს აღარ ახსენებენ 602 წლის შემდეგ.

ისინი ალბათ გაითქვიფნენ ტომთა ახალ დაჯგუფებებში.  ზოგი ასეთი დაჯგუფება იყო ხაზართა იმპერიის ორბიტაში.

უეჭველია რომ სწორედ ამ ხანით თარიღდება პირველი ქალაქური ცენტრები რომელთაგანაც ერთ-ერთი გადაიქცა ქალაქ კიევად.

 

12-ოდე ტომად დაყოფილი აღმოსავლეთის სლავები  მე-9 საუკუნეში ცხოვრობდნენ  ნაწილობეივ ბალტიის მოსახლეობისგან თუ ფინო-უგრთაგან ნიტაცებულ მიწებზე.

ამ ბალტიიელ ფინო-უგრებმა, ისევე როგორც

უფრო სამხრეთით ტრამალთა მომთაბარეებმა, შეასრულეს სუბსტრატის როლი  რამაც ნაწილობრივ განაპირობა სლავთა დაყოფა ერთმანეთისგან განსხვავებულ ჯგუფებად.

მეცხრე-მეათე საუკუნეებში  ყველა აღმოსავლურ-სლავური ტომი  ერთ სახელმწიფოდ გააერთიანეს  სკანდინავიიდან ჩრდილოეთ რუსეთში სამდინარო გზებით შეღწეულმა, მათთვის ხელმისაწვდომი მთელი ტერიტორიის ამკლებმა   სკანდინავმა ვიკინგმა-ვარიაგებმა .

ამ ვიკინგების ერთ-ერთმა ბანდამ, რიურიკიდთა დინასტიამ ტყიანი ტრამალების პოლიანთა ტერიტორიის და მათი ქალაქი კიევის ირგვლივ შექმნა აღმოსავლეთ სლავთა გამაერთიანებელი სახელმწიფო.

კიევის რიურიკიდ მეფეთა  მიერ შექმნილ გაერთიანებას ერქვა რუს-Rous.

თანამედროვე რუსეთთან  მისი გაიგივებისთვის თავის ასარიდებლად ამ შესანიშნავი წიგნის ავტორი კიევის რუსეთის აღსანიშნავად ხმარობს სახელის გალათინურებულ ფორმას Ruthenie.

სახელით Rous-რუსი თავიდან აღნიშნავდნენ ხან ამ სკანდინაველ ვიკინგებს და ხან სლავ პოლიანებს.

კიევის Rous- Ruthenie კი თავიდან აღნიშნავდა კიევის რუსეთის უკრაინულ ბირთვს  რომელიც მოქცეული იყო ქალაქებს კიევს, ჩერნიჰივს და პერეიასლავს შორის,  მოგვიანებით კი ყველა აღმოსავლეთ სლავს.

კიევის Ruthenie-ს  აპოგეა იყო მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში, ვლადიმირ პირველის // წმინდა ვლადიმირი, 980-1015// და იაროსლავ ბრძენის //1018-54// მეფობის დროს.

ყველა აღმოსავლეთის სლავს ეს პერიოდი ახსოვს როგორც ოქროს ხანა.

მეფე ვლადიმირმა 988 წელს გადაწყვიტა გაქრისტიანება და ამან ხელი შუწყო სლავურ ენაზე ლიტერატურის და ბიზანტიის გავლენის განმცდელი ხელოვნების აყვავებას.

რიურიკიდები ქორწინებით დაუკავშირდნენ და დაუნათესავდნენ ევროპულ დინასტიებს.

კიევის რუსეთი- Ruthenie იყო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალო სავაჭრო გზების გზაჯვარედინი.

ეს ხელს უწყობდა ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლის მქონე ქალაქების განვითარებას.

კიევის რუსეთ- Ruthenie-ში  საქმეებში რეალური როლი ჰქონდა სახალხო კრება ვეჩეს.

ქალაქელები ქედმაღლურად უყურებდნენ გლეხებს, მაგრამ გლეხთა უმრავლესობა თავისუფალი იყო.

 

კიეველი დიდი მთავრის და ლოკალურ მთავართა ძალაუფლება სულაც არ ყოფილა აბსოლუტური.

მათ სჭირდებოდათ სამღვდელოების, სახალხო კრება-ვეჩეს და  შეიარაღებული ძალის, დრუჟინას მხარდაჭერა.

ამ დრუჟინას შეეძლო უარის თქმა მასთან შეუთანხმებელ ლაშქრობაში მონაწილეობაზე.

მე-19 საუკუნის უკრაინელი ისტორიკოსები კიევის რუსეთის ამ წყობას ადარებდნენ კაზაკთა ინსტიტუტებთან, მაგრამ ტრადიციის უწყვეტობის დამტკიცება ძნელია.

 

კიევის პერიოდი ჩვენ აქ ყველაზე მეტად გვაინტერესებს  ტრამალთა ისტორიის კუთხით.

მოგვიანეთ ერთგვარ ვაჭართა რესპუბლიკად ქცეული ჩრდილოეთის დიდი ქალაქი ნოვგოროდისგან განსხვავებით  მონღოლებამდელი კიევის რუსეთი- Ruthenie უპირატესად  მიბრუნებული იყო სამხრეთისკენ.

ამას ხელი შუწყო მისმა კავშირმა ბიზანტიასთან,  ტრამალებიდან მომდინარე საფრთხემ და ამავე ტრამალების მიმზიდველობამ.

იყო მომთაბარეთა შემოსევებიც და სლავთა კონტრ-შეტევებიც.

კიევის სახელმწიფოს შქმნა მე-9  საუკუნეში მჭიდროდაა დაკავშირებული  ხაზართა იმპერიის დაკნინება-დაცემასთან.

ვიკინგი ვარიაგები სხვადასხვა სლავურ ტომზე გაბატონდნენ როგორც ამ ტომების მოკავშირეები  ხაზართა წინააღმდეგ.

მატიანეები ლაპარაკობენ იმაზე რომ   დიდმა მთავარმა ოლეგმა 884-85 წლებში « გაანთავისუფლა » რადიმიჩები და სევერიანები.

ხაზარების იმპერიის ნაშთი 965 წელს მოსპო დიდმა მთავარმა სვიატოსლავმა რომელმაც ასევე დაამარცხა ხაზარების ვასალი ალანები და ქასაგები //Kassogues// და დაიპყრო Tamatarkha, ტმუტარაკანი //დღეს ტამანი ყუბანზე//.

მეფობის ძირითადი ნაწილის ლაშქრობებში გამტარებელ სვიატოსლავს უნდოდა თავისი დედაქალაქის გადატანა დუნაიზე.

ბიხანტიელების აღწერების თანახმად სვიატოსლავს უნდა ჰქონოდა გვიანი ხანის ზაპოროჟიელთა ნაკვთები.

სვიატოსლავის ომები იყო 375 წლის შემდეგ თურქ-მონღოლთა ხელში ჩავარდნილი  ტრამალების ევროპელთა // უფრო კი ინდოევროპელთა// ხელში დაბრუნების პირველი  მცდელობა.

მომთაბარეთა თავდასხმებს კიევის რუსეთის დიდი მთავრები პასუხობდნენ სიმაგრეების აგებით და კონტრ-შეტევებით.

კიევის რუსეთის დიდმა მთავრებმა შესძლეს  ზოგი თურქმანი ტომის დამორჩილება და გაქრისტიანება. …

მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპულ ტრამალებში  გამოჩნდა რაღაც თურქმანულ ენაზე  მოლაპარაკე ძლიერი ხალხი  რომელსაც ზოგი პოლოვცებს უწოდებს და ზოგიც ყივჩაღებს.

ამ ხალხში თანაარსებობდნენ  მონღოლოიდი და თეთრკანიანი, თეთრი პიგმენტაციის  ევროპეოიდი ელემენტები. 

ეს ყივჩაღები შეიძლება ყოფილიყვნენ გათურქებული ინდოევროპელები.

პოლოვც-ყივჩაღებმა ასევე მოახდინეს ჩრდილო კავკასიის მრავალი ალანის ასიმილაცია.

   ეს პოლოვც-ყივჩაღები 1060-ანი წლებიდან გადაიქცნენ უკრაინულ-რუსული ტრამალების ერთადერთ ბატონებად.

საუკუნენახევრის მანძილზე ისინი იყვნენ საშიში მტრები დასუსტებული და დაშლილი კიევის რუსეთისთვის. მათ 1068 და 1094 წლებში მძიმედ დაამარცხეს კიეველთა ძალები.

კიევის რუსეთში იყო დიდი მთავრის ტახტის მემკვიდრეობის რთული და არაეფექტური  სისტემა, იყო დემოგრაფიული  და ეკონომიკური დაკნინებაც

სკანდინაველი ვიკინგ-ვარიაგების შთამომავლებიც ხელისუფლების გულისთვის დაერივნენ ერთმანეთს.

მეთრთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში  კიევის რუსეთის სამთავროები გადაიქცნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

დასავლეთ უკრაინაში გაჩნდა გალიცია და ვოლინია.  გაჩნდნენ ვლადიმირი და სუზდალი //მომავალი მოსკოვიას ბირთვი//. ბელორუსიაში გაჩნდა პოლოცკი.

იყო სხვა პროცესიც. თანდათან ხდებოდა პოლოვც-ყივჩაღების გაქრისტიანებაც და მათი გადასვლაც ბინადარ ცხოვრებაზე.

იყო დინასტიური კავშირებიც.

კიევის რუსეთის შემქმნელი  სკანდინავი ვიკინგი რიურიკის  ძალაუფლებისთვის მებრძოლი შთამომავალი ამ პოლოვც ყივჩაღებს იყენებდა თავისი კონკურენტი ბიძაშვილის წინააღმდეგ…

ყველაზე სამხრეთით მცხოვრებ სლავთა სიმპატიას ტრამალების სამყაროს მიმართ აჩვენებს  მე-13 საუკუნეში ე.წ. ბროდნიკების არსებობა.

ეს ცნება ნიშნავს როგორც გამყოლს ისე მოხეტიალეს.

ეს ბროდნიკები იყვნენ მდინარეები დონის და დონეცის გასწვრივ დასახლებული სლავები რომლებიც იყვნენ გამყოლები, მეგზურები, კურიერები…

ტრამალებში ნამდვილად იყვნენ სხვა « თავისუფალი » მოსახლეობებიც.

მე-12 საუკუნეში მასეთები დაიქირავა ძალაუფლებისთვის მებრძოლმა გალიციელმა  Ivan Berladnyk-მა.

 

დუნაისა და ურალს შორის სოლიდურად დამკვიდრებული პოლოვცები ცხოვრობდნენ ქარავანების ძარცვით და მონებით ვაჭრობით.

მონღოლები რომ არ გამოჩენილიყვნენ ეს პოლოვცები ისევე სამუდამოდ დამკვიდრდებოდნენ როგორც მადიარები დამკვიდრდნენ უნგრეთში.

 

მონღოლთა შემოსევა და ოქროს ურდო

 მონღოლთა შეჭრა აღმოსავლეთ  ევროპაში იყო 375 წელს  ჰუნთა შმოსევის მსგავსი კატასტროფა.

მიუხედავად ამისა ერმანარიკის გოთებისგან განსხვავებით  აღმოსავლეთის სლავებმა შეინარჩუნეს მათი ტრადიციული ტერიტორიები. ეს განაპირობა მათმა უფრო ჩრდილოეთით მდებარეობამ და მათი დასახლების სიძველემ.

 1206 წელს  მონღოლთა უმაღლეს ბელად გამხდარმა Temüdjin-მა მიიღო ჩინგიზ ყაენის სახელი და შექმნა გარემომცველი სამყაროსთის ზარდამცემი ომის სამხედრო მანქანა.

მონღოლებმა დაიწყეს ყველაფერთან ერთად სპარსეთის დაპყრობაც და ისინი  ლამის შემთხვევით აღმოჩნდნენ უკრაინულ-რუსულ ტრამალებში.

1221 წელს ქართველთა დამარცხების შემდეგ  200 000 კაციანი მონღოლთა არმია ჯებეს და სუბუდაის სარდლობით  გამოჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც.  პოლოვცების, ჩერქეზების, ალანების და სხვა ხალხების კოალიციამ  სცადა მონღოლების შეჩერება.

მონღოლებმა ჯერ მიაღწიეს პოლოვცების ნეიტრალიტეტს და გასრისეს სხვები.  შემდეგ ისინი შეტრიალდნენ პოლოვცების წინააღმდეგ.

პოლოვცების ხანი კოტიანი კი იყო მსტისლავ გალიციელის სიმამრი და მან დახმარება სთხოვა ამ მსტისლავს.

ჯებემ და სუბუდაიმ 1222 წელს მდინარე კალკაზე // სამხრეთი უკრაინა// დაამარცხეს ეს კოალიციაც.

ეს მხოლოდ დაზვერვა იყო.

ნამდვილი მონღოლური დაპყრობა სუბუდაის და ჩინგიზ ყაენის შთამომავალი ბათუს სარდლობით  დაიწყო  15 წლის შემდეგ.

1236-37 წლებში მონღოლებმა  მოსპეს ვოლგის ბულგარეთის სამეფო, 1237 წელს მათ შეუტიეს პოლოვცებს და მომდევნო წელს თავისი ხალხის ნაწილთან ერთად უნგრეთისკენ გაიქცა ხანი კოტიანი.

1237 წელს დაეცა ადრე კიევის რუსეთში შემავალი  რიაზანის სამთავროც.

1239 წელს მონღოლებმა აიღეს მოსკოვი, სუზდალი, ვლადიმირი, პერეიასლავი და Tchernihiv უკრაინაში.

1239-40 წლებში მონღოლებმა აიღეს ჩრდილო კავკასიის ალანების დედაქალაქი

1240 წლის 6 დეკემბერს მონღოლებმა აიღეს და დაანგრიეს კიევი, რის შემდეგაც მათ განაგრძეს გზა გალიციისკენ და ცენტრალური ევროპისკენ.

 

ყოფილი კიევის რუსეთის დაპყრობილი სამთავროები, ყოფილი ვოლგის ბულგარეთის სამეფო,  პოლოვცებისთის წართმეული ტერიტორიები  გახდა ჩინგიზ ყაენის შთამომავალი ბათუს ოჯახის ქონება. მას უძახდნენ  ოქროს ურდოს //Altoun Ordou თუ ყივჩაღთა ქვეყანას //დაშტ-ი-კიპჩაკ//. ეს უკანასკნელი სახელი მიუთითებს ქვეყანაში დარჩენილ მონღოლთა თანდათანობით გათურქებაზე.

რაშიდ-ად-დინის თანახმად იყო მხოლოდ 4 ათასი მონღოლი.

ყველაფერი აჩვენებს რომ 1240 წლის შემდეგ პოლოვცების დიდი ნაწილი დარჩა ადგილზე.

მონღოლები, სხვათა შორის, შეადგენდნ მათი ჯარების უმცირესობას.

და სლავები მათ უძახდნენ თათრებს.

თათრები იყვნენ თურქული ტომი რომელიც მონღოლებს ახლდა მათი ექსპანსიის დასაწყისიდანვე.

 

« თათათრული უღელი » სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირი იყო.

ყოფილი კიევის რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის მთავრებმა თავი გამოაცხადეს მონღოლების ერთგულ ვასალებად და მიიღეს მონღოლთა წყალობა.

ვლადიმირის იაროსლავი 1243 წლიდან აღიარებული იყო  რუთენი ანუ ყოფილი კიევის რუსეთის მთავრების უფროსად.

მისი ვაჟიშვილი ალექსანდრე ნეველი //1252-63// განსაკუთრებულად ყმურად თანამშრომლობდა მონღოლებთან.

1299 წელს ვლადიმირში დამკვიდრდა კიევის მიტროპოლიტი.

ამან კიდევ უფრო გაზარდა ჩრდილოელ მთავართა პრესტიჟი.

კიევის რუსეთის დამაარსებელი სკანდინაველი ვიკინგი-ვარიაგი  რიურიკის შთამომავალთა მოსკოვური შტო კრეფდა ხარკს მონღოლებისთვის და ახშობდა მონღოლთა წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებებს ასე ჩაახშეს ამ რიურიკიდ-რიურიკოვიჩებმა ტვერის 1327 წლის აჯანყება.

ამდენად ერთგული რიურიკოვიჩები-რიურიკიდებისადმი მონღოლთა კეთილგანწყობამ შესაძლებელი გახადა  ოქროს ურდოს ჩრდილში ახალი პოლიტიკური ძალის, მომავალი რუსეთის ბირთვი მოსკოვის სამთავროს გაჩენა.

ის გაჩნდა ტერიტორიებზე სადაც ძლიერი იყო ფინურ-უგრული სუბსტრატი.

 

ყოფილი კიევის რუსეთის უკრაინულ, სამხრეთ ტერიტორიებზე  გალიციის მთავარმა, შემდეგ მეფე  დანილომ 1250-60 წლებში   სცადა მონღოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დამარცხდა.

 ამიტომ « თათრული ბატონობის » შედეგები უკრაინისთვის ბევრად, გაცილებით უფრო მძიმე იყო.

ამ გაუდაბურებულ-აოხრებულ ზონებში რიურიკოვიჩ-რიურიკიდ მთავართა ხელისუფლება დასუსტდა და ზოგ ადგილას სულ გაქრა.

ზოგან გაჩნდა ავტონომიური თემებიც  რომლებიც ხარკს უშუალოდ მონღოლებს უხდიდნენ.

 

ოქროს ურდოს « თათრები »  თანდათანობით გაითქვიფნენ ტრამალთა თურქულენოვან უმრავლესობში.

მეტიც. ისინი ალაპარაკდნენ პოლოვცურ ანუ ყივჩაღურ ენაზე.

მონღოლების სლავებთან დაახლოება არც დაწყებულა, პირიქით, ბერკეს დროს //1257-66// ურდო გამაჰმადიანდა. ამან სლავების თვალში კიდევ უფრო საზიზღარი გახადა მომთხოვნი, მტარვალი და მონებით მასშტაბურად ვაჭარი დამპყრობელი მონღოლები.

მონებით ვაჭრობისას მონღოლებისთვის შუამავლები იყვნენ გენუას ყირიმში დამკვიდრებული კოლონიები.

მადლობის ნიშნად ბერკემ დაადასტურა გენუელების პრივილეგიები და დაუთმო მათ გოთების დასახლებები ყირიმში.

ამ « თათრების »  ძალას ბზარები გაუჩნდა მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში.

ამას ჰქონდა როგრც შიდა ისე გარეშე მიზეზები.

რამოდენიმე ათეული წლით ადრე პატარა ლიტველმა ხალხმა დაიწყო სწრაფი ექსპანსია სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ.

გედიმინასის დინასტიის ლიტველი მთავრები დაახლოებით ვარიაგი-ვიკინგების მსგავსად  დამკვიდრდნენ ყოფილი კიევის რუსეთის მიწებზე, მოექცნენ მართლმადიდებლობაზე და ალაპარაკდნენ სლავურ ენებზე.

ეს ლიტველები ძალიან კარგად მიიღეს  ბელორუსიაში და, 1350-60 წლებისთვის, ჩრდილოეთ უკრაინაში.

ამ ლიტველებმა ალგირდასის დროს  დაიპყრეს კიევი და ტახტიდან გადააგდეს  « თათრების »  ლოკალური ვასალი რითაც კიევის მხარე და პოდოლია საბოლოოდ მოწყვიტეს ამ « თათრებს ».

ამ ალგირდასმა 1362 წელს დაამარცხა  სამი

« თათრული» ურდოს მთავრები და მის ხელში აღმოჩნდა საკმაოდ დიდი სივრცე , დნესტრის აუზის მთელი მარცხენა ნახევარი  შავ ზღვამდე, სამხრეთი ბუგის მთელი აუზი, დნეპრის ლიმანები …

შავი ზღვის სანაპირო თანამედროვე ოდესას რაიონში საკმაოდ დიდი ხნით ლიტვური გახდა.

კიევში მთავარი გახდა ალგირდასის შვილი ვლადიმირ-ვლადიმირასი.

 

1385 წელს კი ამავე ალგირდასის შვილი Iogaillas იაგელლონი. ქორწინებით გახდა  პოლონეთის მეფე, მაგრამ ლიტვის მმართველობა მან დაუტოვა თავის ძმა ვიტაუტასს.

პოლონეთის და ლიტვის პიროვნულ კავშირს, უნიას, დაემატა ბელორუსია და უკრაინის დიდი ტერიტორიები.

ლიტვა-პოლონეთის უნია ამ ტერიტორიებთან ერთად გადაიქცა ოქროს ურდოს სერიოზულ მოწინააღმდეგედ, მიუხედავად იმისა რომ ხანმა ტიმურ კუტლუგმა  1399 წელს მძიმედ დაამარცხა ვიტაუტასი.

 გალიცია კი ამ   « თათრებს » გაექცა პოლონეთის სასარგებლოდ.

მონღოლთა ერთგულ ვასალებად თავის მოკატუნების შემდეგ,  ხელი გამოიღეს მოსკოველებმაც.

1380 წელს მათ გაიმარჯვეს კულიკოვოს ველზე.  გამარჯვება ეფემერული იყო

 // « თათრებმა » 1382 წელს დაწვეს მოსკოვი//, მაგრამ გამარჯვებას კულიკოვოს ველზე ჰქონდა დიდი გამოხმაურება,

მერე შუა აზიიდან დაიძრა მონღოლთა იმპერიის აღგენის მსურველი მხეცი თემურ ლენგი რომელმაც გაატიალა ყველაფერი რისი გატიალებაც მოახერხა  კავკასიაში და რუსულ ტრამალებში.

ოქროს ურდო დაიშალა მე-15 სუკუნეში.

1430 წლისთვის ჩინგიზ ყაენის შთამომავალი გირეის კლანმა შექმნა ყირიმის დამოუკიდებელი სახანო რომელიც ნახევარკუნძულის გარდა მოიცავდა სამხრეთ უკრაინის, დონის და ჩრდილოეთი კავკასიის ტრამალებს.

ყირიმის სახანომ 1475 წელს თავი აღიარა ოსმალეთის იმპერიის ვასალად.

ვოლგა-ურალის სივრცის თურქ-მონღოლმა ხალხებმა // თათრებმა, ბაშკირებმა, ჩუვაშებმა/ და  ფინურმა ტომებმა ყაზანის პატარა დამოუკიდებელი სახანოს სახით

მე-15 ს-ის შუა ხანებში მეტ-ნაკლებად აღადგინეს ძველი დიდი ბულგარეთი

1466 წელს ვოლგაზე გაჩნდა ასტრახანის პატარა დამოუკიდებელი სახანოც.

1480 წელს კი « სჭექა » მოსკოვის დიდმა მთავარმა ივანე მესამემ უარყო « თათართა » ბატონობა.

20 წლის შემდეგ ყირიმის ხანმა დაანგრია სარაი, რითაც წერტილი დაუსვა ოქროს ურდოს ისტორიას.

აი ამ არეულ და ძალადობით სავსე დროს  ახსენეს პირველად «ველური ველები . »

 

//გაგრძელება იქნება//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s